ნიკა მელია: არ უარვყოფ რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილთან არაერთხელ მქონია შეხვედრა
“ჩემთვის მნიშვნელოვანია გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც შეიძლება ყოველთვის ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო. არა არ უარვყოფ რომ ზურაბიშვილს შევხვდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილთან არაერთხელ მქონია შეხვედრა“, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას – “ბოლო 1 თვის განმავლობაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა თუ არა”.
მელიას თქმით, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო სოლიდარობა იზრდება.
“მე მიხარია როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე. არამხოლოდ ქვეყნის საგარეო განვითარების, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა ვიყოთ, გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოშვება და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელარუსსა და პუტინის რუსეთთან ერთად, თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს დევს სასწორზე დღეს და მე მიხარია თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხვდება ყოველდღიურად სად არის სიმართლე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო აშკარად იზრდება სოლიდარობა და ხდება საჭირო აზრის კონსოლიდაცია”,- განაცხადა მელიამ.