თორნიკე მოლაშვილი – პრეზიდენტს:  სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აქცია აქციებზე იქნება და სერიოზული პრობლემები შეექმნება საქართველოს

“საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და მივმართავ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აქცია აქციებზე იქნება და სერიოზული პრობლემები შეექმნება საქართველოს, არამარტო იმას ვინც აწამა და დახოცა, საქართველოს შეექმნება პრობლემები. გთხოვთ, არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა”, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლის ღვრისთვის არის ჩამოსული.

„გვინდა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ თავისი დანაპირები, რას დაჰპირდა მოსახლეობასა და მთლიანად საქართველოს. ირინა ენუქიძის თვალები არ ამომდის თვალებიდანო, თვალწინ მიდგასო, ვერ შევიწყალებ და არ შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილსო. ვინაიდან, დღევანდელ დღეს ზეწოლა არის ქალბატონ სალომეზე როგორც ოპოზიციიდან, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსყიდული საზოგადოებისგან, ევროპა, ამერიკა, ვინც იყვნენ და როგორც იყვნენ, ხელმძღვანელობა არ მაქვს მხედველობაში, მხედველობაში მაქვს ის ხალხი, დეპუტატები, ვინც ხელი მოაწერა და ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას. იმ ხალხს არ ენაღვლებათ საქართველო, მაგრამ ჩვენ გვენაღვლება. გაგიკვირდებათ, ახლა საშობაო დღეებია და ქართველი ქრისტიანი ხალხი როგორ ითხოვს ადამიანის ციხიდან არგაშვებას, მე პირადად ვიყავი ციხეში და ვიცი რა არის ციხე. ადამიანი, რომელიც თავის შეცდომას ვერ აცნობიერებს და აქეთ გვადებს ვალს, რომელიც იძახის, მე პოლიტპატიმარი ვარ, ვიღაცების პატიმარი ვარ, არ შეიძლება, ასეთი ადამიანი იყოს შეწყალებული. გვარებს აღარ ჩამოვთვლი, რამდენი ახალგაზრდა ვაჟკაცი, საჯიშე ბიჭები ჩადო მიწაში. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლები, მისი თანამოაზრეები არავისთან მისულან, ბოდიში არ მოუხდიათ, მიტევება არ უთხოვიათ. პირიქით, აქეთ გვემუქრებიან ხელისუფლებაში დავბრუნდებით და უფრო მეტს გაგიკეთებთ, ეს არაფერი არ არისო. საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ძალიან გთხოვთ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აქცია აქციებზე იქნება და სერიოზული პრობლემები შეექმნება საქართველოს, არამარტო იმას ვინც აწამა და დახოცა, საქართველოს შეექმნება პრობლემები. გთხოვთ, არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, სააკაშვილი საქართველოში სისხლის ღვრისთვის არის ჩამოსული“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები