ია მეტრეველი: სააკაშვილის შეწყალება დაუშვებელია
„სააკაშვილის გათავისუფლება, მისი შეწყალება ყოვლად დაუშვებელია. აქ დგანან ადამიანები, ვიდრე აქამდე მოვედი, ყველა მიყვებოდა თავის გასაჭირს, რა გადაიტანეს მათ, ოჯახი არ დარჩენილა, ვისაც სააკაშვილის ხელი არ შეხებოდა, ის ტირანია არ შეხებოდა, რაც მაშინ ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ უნდა დაბრუნდეს.
“გაგვანადგურა სააკაშვილმა, ერთადერთი შვილი მომიკლა და მასთან ერთად დამარხულია მთელი ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი დები, ვერავინ ვერ ვხარობთ, მას შემდეგ სიცოცხლე დაგვიმთავრდა და საუბედუროდ, ჩემნაირი რამდენია. უკვე აღარც ძალ-ღონე შემწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სააკაშვილისნაირი ბოროტება არასდროს აღარ მოვიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წარმოადგენს დიდ ბოროტებას, საშინელ მტერს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ვერასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარეობს აქცია მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი აქცია 2004 წელს მოკლული მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გუშინ დააანონსეს.