უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირაში უმაღლესი რადას წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რადაში სიტყვით გამოსვლისას ის უკრაინის ეროვნულ მიზნებზე ისაუბრებს, რომელთა შორის ოკუპანტებისგან მათი მიწის გათავისუფლება, უკრაინის აღდგენა და უკრაინელი ხალხის შინ დაბრუნებაა.
„ეს კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით. მომავალ წელში გადავდივართ და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული მიზნების საერთო გაგება. რა თქმა უნდა, ეს არის მტრისგან ჩვენი მიწის გათავისუფლება, ისევე როგორც უკრაინის აღდგენა, ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნება, ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი დაახლოება მთავარ პარტნიორებთან, მსოფლიოში უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა. ეს ყველაფერი უახლოესი მომავლის ამოცანებია არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.
უახლოეს მომავალში ამ ამოცანების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩემ ხედვას წარმოვადგენ უმაღლეს რადაში, ჩემ ყოველწლიურ მიმართვაში, უკრაინის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. მინდა, რომ ეს მესიჯი იყოს არა ანგარიში, არამედ ჩვენი საუბარი მომავალი წლის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის! მადლობას ვუხდი ჩვენი თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფს, რომლებიც მტრის დამარცხებას აახლოებენ! დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.