ირაკლი კობახიძე: წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი
„რაც შეეხება პრეზიდენტის იმიჯს, იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის იმიჯისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება, რადგან ექსპრეზიდენტს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.
“ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის, იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც მან თავის დროზე შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.