მიხეილ სარჯველაძე: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა. გავრცელებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე და შესაძლოა, მიზეზი ამას უკავშირდებოდეს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ელჩების კონფერენციას სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რაში გამოიხატებოდა პროტოკოლის დაუცველობა.

„შთაბეჭდილება დამრჩა, სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა. როგორც ჩანს, მან არჩია, ამ მიზეზზე პირდაპირ არ ესაუბრა და შესაბამისად, ის მიზეზი დაესახელებინა, რაზეც გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისაუბრა. შემოთავაზებული არ იყო კარგი და დამაჯერებელი ახსნა, რატომ იყო მიუღებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრების განთავსება იმ წესით, რა წესითაც შესთავაზეს. რაში გამოიხატებოდა პროტოკოლის დაუცველობა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე გასაგები არ ყოფილა. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ რაღაც სხვა მიზეზთან გვაქვს საქმე. გავრცელებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე და შესაძლოა, მიზეზი ამას უკავშირდებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება, ელჩების კონფერენცია 2022 გაიმართა. რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო. როგორც, მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებიდან გაირკვა, ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული წესების დარღვევას, რაც ღონისძიების მასპინძლის მხრიდან პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში გამოიხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები