ნიკოლოზ სამხარაძე: „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ელჩებს იმ ქვეყნებში, სადაც 30 წლიან ისტორიაში, საქართველოს პარლამენტის მიერ ისტორიული ვიზიტები პირველად გაიმართა”

„2022 წელი საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით იყო ყველაზე აქტიური წელი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, პარლამენტის მხრიდან, არ მახსოვს ამდენი ვიზიტი განხორციელებულიყოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქვეყნებში ჩვენს ელჩებს, სადაც 30 წლიან ისტორიაში პირველად გაიმართა საპარლამენტო ვიზიტები”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ელჩების კონფერენცია-2022″ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რთული პერიოდის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუდმივად ცდილობს ქვეყანაში მიღწეული პოზიტიური პროგრესი ქვეყნის გარეთ გაიტანოს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატებს აქვთ გარკვეული საზღვრები, თუმცა ჩვენ იმისთვის გვაქვს საპარლამენტო დიპლომატია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკოსებთან განსაკუთრებით მწვავე თემებზე ვისაუბროთ და ავუხსნათ მათ, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. რადგან, ობიექტური პრობლემების და უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვებრძვით დეზინფორმაციის ძალიან დიდ ნიაღვარს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა მოითხოვს იმას, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა იყოს ძალიან აქტიური, რათა საპარლამენტო კონტაქტების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის კარგად წარმოჩენა.

„საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს გენდერული თანასწორობის, გარემოს დაცვის, საარჩევნო რეფორმის კუთხით და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პოზიტივი მაქსიმალურად გავიტანოთ ქვეყნის გარეთ”, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია საპარლამენტო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი. მსგავსი მემორანდუმი წელს სომხეთთან გავაფორმეთ და უკვე ყოველწლიურად, საქართველოს და სომხეთის საგარეო კომიტეტები ერთობლივ სხდომებს გამართავენ. ასეთივე ფორმატი გვაქვს უკრაინასთან და მოლდოვასთან, რომელიც სამწუხაროდ, არსებული ვითარების გამო სრულად ვერ ავამუშავეთ, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ მიმართულებითაც გვჭირდება მეტი ინიციატივები”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე, გაამახვილა საპარლამენტო ასამბლეების, მნიშვნელობაზე და მათში საქართველოს პარლამენტის დელეგაციების აქტიურობაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა აკადემიურ და საექსპერტო წრეებთან თანამშრომლობის უფრო მეტად გააქტიურებაზე. ელჩების კონფერენცია ე.წ ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები