ირაკლი ბერაია: საქართველოს დაზვერვის სამსახურმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი ინსტიტუციური, ოპერატიული თუ ანალიტიკური შესაძლებლობები

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, სადაც დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძეს მოუსმინეს, სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს დაზვერვის სამსახურის სტრუქტურა, დანაყოფების ფუნქციები და ამოცანები, მათი საქმიანობის სპეციფიკა, სამსახურის ორგანიზაციული პრიორიტეტები, რეფორმები და ინსტიტუციური განვითარების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯები.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი ინსტიტუციური, ოპერატიული თუ ანალიტიკური შესაძლებლობები და ეს ძალიან კარგად იგრძნობა უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში. დაზვერვის სამსახურს ჰყავს ეფექტიანი ხელმძღვანელობა, მაღალკვალიფიციური, მამაცი და კარგად მომზადებული პირადი შემადგენლობა. სამსახურს ნდობის ჯგუფთან და ჩვენს კომიტეტთან აქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. ჩვენი, კანონმდებლების ამოცანა და პრიორიტეტია ქართულ დაზვერვას ყოველთვის ჰქონდეს საჭირო რესურსები და მაქსიმალური მხარდაჭერა,“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

2022 წელს ნდობის ჯგუფმა 16 სხდომა ჩაატარა, რომელიც თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების წლიურ ანგარიშების და სხვადასხვა საკითხებზე თემატურ მოსმენებს დაეთმო.

ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მისი მანდატი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობაა. ნდობის ჯგუფს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგელობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და საპარლამენტო ოპოზიციიდან თეიმურაზ ჯანაშია შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები