ნიკოლოზ სამხარაძე: პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ არესტოვიჩი არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას, კარგი იქნება თუ ეს ოფიციალური განცხადებითაც დადასტურდება

პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ არესტოვიჩი არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას, კარგი იქნება თუ ეს ოფიციალური განცხადებითაც დადასტურდება და საგარეო უწყება ამას გაემიჯნება და დაგმობს, – ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

მან აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

„რაც შეეხება არესტოვიჩის განცხადებას, ზუსტად ორი დღის წინ გავრცელდა უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადება, რომელშიც მათ თქვეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ არ გამოდიან. ჩვენ ზუსტად ეს გვაინტერესებს: როდესაც ლაპარაკობს არესტოვიჩი ან პოდოლიაკი, არის თუ არა ეს უკრაინის ოფიციალური პირების პოზიცია. თუ ეს ასე არაა, მაშინ კარგი იქნება, თუ უკრაინის საგარეო უწყება ასეთ დროს თვითონ მოახდენს რეაგირებას და იტყვის, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენენ უკრაინის სახელმწიფოს და, შესაბამისად, მათ აზრზე რეაქცია ნუ გექნებათ. ეს იქნებოდა სწორი და მეგობრული ნაბიჯი უკრაინული მხრიდან. გასაგებია, რომ ჩვენი საზოგადოება არესტოვიჩის განცხადებებს სერიოზულად აღარ იღებს. პირად საუბრებში კი გვეუბნებიან, რომ არესტოვიჩი არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას, კარგი იქნება თუ ეს ოფიციალური განცხადებითაც დადასტურდება და საგარეო უწყება ამას გაემიჯნება და დაგმობს“, – აცხადებს სამხარაძე.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველო აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები