საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება
23 დეკემბერს, 14:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება.
როგორც საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა და რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები ახლახან დაასრულა.
ღონისძიებას დაესწრებიან ოჯახის წევრები, ადგილობრივი, რეგიონული ხელისუფლებისა და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის რესტავრირებული ინვენტარით აღჭურვა.
ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
დღის წესრიგი:
13:30 საათი – სახლ-მუზეუმის კურთხევის ცერემონიალი;
14:00 საათი – სახლ-მუზეუმის ოფიციალური გახსნა;
14:15 საათი – მწერალთა კავშირის წევრების სიტყვა;
14:30 -15:00 საათი – ადგილობრივი საბავშვო თეატრის შესრულებით – მონოსპექტაკლი.