ცესკოს თავმჯდომარემ და შვეიცარიის ელჩმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად გიორგი კალანდარიშვილი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს და საელჩოს მრჩეველს ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში არმინ რაიზერს შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და გამოწვევები, მიმდინარე საქმიანობა და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები – ამ თემებთან დაკავშირებით გიორგი კალანდარიშვილმა შვეიცარიის ელჩს დეტალური ინფორმაცია გააცნო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ არსებული, მრავალწლიანი კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და განვავითაროთ. სწორედ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ჩვენ გასულ წლებში გვქონდა გაფორმებული ეთიკის კოდექსი პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც სიძულვილის ენის გარკვეულწილად პრევენციას ითვალისწინებდა.
შესაბამისად, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ამ საკითხზეც – მომავალი საერთო არჩევნებისთვის აღნიშნული ეთიკის კოდექსის გაფორმების მიზანშეწონილობაზე და მის ეფექტიან აღსრულებაზე“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. შეხვედრა დღეს შვეიცარიის საელჩოში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები