დავით მათიკაშვილი: ცხადია, ოპოზიცია არ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ მყარი ნაბიჯებით იაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების გზაზე
“სამწუხაროდ, გამართლდა ის ვარაუდები, რაზეც ადრეც გვისაუბრია, რომ ოპოზიცია გაატარებდა საკუთარ დღის წესრიგს და თუკი ვინმეს დღის წესრიგში დღეს შედის, რომ მყისიერად არ ჰყავდეს ახალი სახალხო დამცველი საქართველოს, ეს არის რა თქმა უნდა, ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“, რამეთუ ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე სწორედ ძველი სახალხო დამცველი შეინარჩუნებს სტატუსს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ დეპოლარიზაცია უმთავრესი მოთხოვნა ევროკავშირიდან – შეუძლებელია მხოლოდ მმართველი გუნდის სურვილით მოხდეს.
„ოპოზიცია რომ ძალიან არ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ მყარი ნაბიჯებით იაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების გზაზე, რომ არ მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, ეს ხომ ცხადია? ის, რომ დეპოლარიზაცია უმთავრესი მოთხოვნა ევროკავშირიდან – შეუძლებელია მხოლოდ მმართველი გუნდის სურვილით მოხდეს და ამაში აქტიური როლი ოპოზიციამ უნდა შეასრულოს, ის კი ამისთვის არაფერს აკეთებს, პირიქით, უფრო მეტად აღრმავებს პოლარიზაციას, ესეც ხომ კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის? რატომ უკვირს საზოგადოებას, რომ ამ კუთხითაც ოპოზიციას საკმაოდ ცუდი, არასწორი, ნეგატიური პოზიცია აქვს დაკავებული და საკუთარი მიკერძოებული კანდიდატების მხარდაჭერით ფაქტობრივად ბლოკავს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.