გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „მწვანე სტიპენდიის” დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „მწვანე სტიპენდიის” დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, „მწვანე სტიპენდიის” პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და წარჩინებული სტუდენტების წახალისება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ შესაბამის უწყებებში.
მაია ბითაძემ დადებითად შეაფასა სახელმწიფოს დამოკიდებულება გარემოსდაცვითი პროფესიების მიმართ დ აღნიშნა, რომ სტუდენტების თემატური სტიპენდიებით წახალისება სასწავლო დაწესებულებების მხრიდან მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე საბუნებისმეტყველო დარგების მიმართ, იმ დარგების მიმართ, რომელსაც კავშირი აქვს მდგრად მართვასთან, გარემოს დაცვასთან და კლიმატის ცვლილებასთან.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აგრძელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას. განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, ძალიან წარმატებით ხორციელდება. ასევე, მივესალმები ჩვენი დონორების აქტივობას მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების აქტივობას გარემოსდაცვითი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით”, – განაცხადა მაია ბითაძემ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, ახალგაზრდების მხარდაჭერა ცალსახად მნიშვნელოვანია, რათა მათ სათანადო ცოდნა მიიღონ გარემოსდაცვითი მიმართულებით და დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, როგორიც არის გეოლოგია, ჰიდროლოგია, ეკოლოგია.
„ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს განათლების სამინისტროსთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, რითაც სტიმულს ვაძლევთ ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პროფესიებით,” – განაცხადა მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ დაჯილდოებაზე საქართველოს 8 უნივერსიტეტის 32 სტუდენტს 1500 ლარიანი სტიპენდია გადაეცა.