მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: არავითარი საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმ განცხადებისთვის, რომ ვინმემ პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწამლა.

„ეს მისი მოსაზრება კი არ იყო, მან მიუთითა კონკრეტულ ანგარიშებზე, კონკრეტულ კვლევებსა და ინფორმაციაზე, რომელიც პენიტენციური სამსახურის ხელთ არის ყველა წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით. როგორც მოვისმინე, ურთქმელიძე ამბობდა იმას, რომ იმ ნივთიერებების დასაშვებ დოზას, რომლის არსებობაზეც კეთდებოდა შორს მიმავალი დასკვნები, არ აღემატება. ამის გათვალისწინებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა. რასაკვირველია, ობიექტურად ამას არავითარი დასაყრდენი არ გააჩნია. ეს თქვა იმ ადამიანმა და ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელიც სუბიექტური შეფასების დონეზე შეიძლება წყდებოდეს. ეს არის ყველაფერი გაზომვადი კრიტერიუმებით. არ მგონია უბრალოდ, რომ ამაზე კამათი ღირდეს. უნდა ვნახოთ ფაქტები. ფაქტები თუ არის ისეთი, როდესაც დასაშვებ ნორმას არ აღემატება რაღაც ნივთიერების შემადგენლობა ორგანიზმში, ამის შემდეგ როგორ შეიძლება კამათი იმასთან დაკავშირებით, მოწამვლა არის თუ არა და რაღაც ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის” დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები