მათიკაშვილი – სააკაშვილზე: როდესაც უარს ამბობ ექსპერტიზაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაქვს დასამალი
სახეზეა თვითონ ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, რომ აქ ადგილი არ ჰქონია მოწამვლის ფაქტს, როგორც ეს დასტურდება უშუალოდ მათივე ჩატარებული ექსპერტიზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„სახეზეა თვითონ ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, რომ აქ ადგილი არ ჰქონია მოწამვლის ფაქტს, როგორც ეს დასტურდება უშუალოდ მათივე ჩატარებული ექსპერტიზით და ყველაზე მთავარი რაც არის – თვითონ მსჯავრდებული უარს აცხადებს ანალიზების ჩატარებაზე, რაც წერტილს დაუსვამდა ყოველგვარ სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი ლოგიკაა აქ – როდესაც უარს ამბობ ექსპერტიზაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაქვს დასამალი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი კლინიკა “ვივა მედში” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ანალიზების ასაღებად იყო მისული, თუმცა, სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი თქვა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად.