პროკურატურამ „საქართველოს ბანკის” ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 დეკემბერს, „საქართველოს ბანკის” ფილიალში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორს ბანკის კუთვნილი 24800 ლარი, 504 აშშ დოლარი და 1045 ევრო გასტაცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.