„აღსარება“ – ჯემალ სეფიაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ბენეფისი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში საესტრადო ჟანრის გამოჩენილი კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის, 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ბენეფისი – „აღსარება“ – გაიმართა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მას  კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფისი „აღსარება“ მაესტროს ცხოვრებისა და შემოქმედების ერთგვარი შეჯამებაა და თეატრალიზებულ სანახაობას წარმოადგენს. კონცერტის ფარგლებში შესრულდა კომპოზიტორის როგორც კარგად ნაცნობი, ისე ახალი ნაწარმოებები, მათ შორის, სოლო სიმღერები და პოპური.
„თეატრალური დადგმის ნაწილისთვის თბილისისთვის დამახასიათებელი ყოფითი ჩანახატები გამოიყენეს. დამდგმელი რეჟისორი თინათინ კორძაძე გახლდათ, მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი, ქორეოგრაფები – ნონა ჯანდაგიშვილი და თეონა კოჭლამაზიშვილი. კონცერტს ნიკოლოზ წულუკიძე და ჯემალ სეფიაშვილი უძღვებოდნენ.
საიუბილეო საღამოს სპეციალური სტუმრის რანგში ესწრებოდა ცისანა სეფიაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდა ვოკალური კვარტეტი, შემადგენლობით: გოგა მესხი, გიორგი ჩიქოვანი, ბექა ცხომელიძე და ქეთი კვიცარიძე.
ჯემალ სეფიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. იგი მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი; განსაკუთრებით პოპულარული იყო გადაცემა ,,შეხვედრები მიკროფონთან” (1972-1986); 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მორის ფოცხიშვილის ლექსებზე (ანსამბლ ,,ორიონის” შესრულებით). 1986-1987წწ.- მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად.
მას ეკუთვნის ცნობილი სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” (მ. ფოცხიშვილის ლექსი), რომელიც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა.
ჯემალ სეფიაშვილი აკაკი წერეთლისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები