მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა
მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი უმნიშვნელოდ – 2%-ით გაიზარდა. 5-11 დეკემბრის პერიოდში ინფიცირების 3,3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 5-11 დეკემბრის კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელმა 10%-ით მოიმატა და 9700 გარდაცვლილი შეადგინა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.
ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან 11 დეკემბრის მდგომარეობით, 645 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 6,6 მილიონზე მეტი გარდაცვლილი აღირიცხა.
რეგიონულ დონეზე, ჯანმო-ს 6-დან ხუთში მაჩვენებელი ან შემცირდა ან იგივე ნიშნულზე დარჩა.
კერძოდ, აფრიკის რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი 73%-ით არის შემცირებული; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში – 33%-ით; ევროპის – რეგიონში 11%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში – 2%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა – 3%; ამასთან, გაზრდილია ამერიკის რეგიონში 27%-ით.
გარდაცვალების ყოველკვირეული მაჩვენებელი მომატებულია ორგანიზაციის სამ რეგიონში: აფრიკის რეგიონში 975%-ით; ამერიკის რეგიონში 37%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 81%-ით, ხოლო შემცირდა ევროპის რეგიონში 17%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში 10%-ით და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში 5%-ით.