ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართულ მხარეებთან აქტიურ თანამშრომლობას. ამჯერად, შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების როლზე და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნაზე ისაუბრა, რაც ადმინისტრაციის საქმიანობას მეტად გამჭვირვალეს და ინკლუზიურს გახდის.
გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე საარჩევნო რეფორმაზე და ტექნოლოგიების დანერგვაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და პერსპექტივებზე, ასევე ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

„საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებში მნიშვნელოვან ჩართულ მხარეს წარმოადგენენ. ამავე დროს საარჩევნო ადმინისტრაციას მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საარჩევნო პროცესში მათი როლის მნიშვნელობას. მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმირების მიზნით შევთავაზეთ სამუშაო შეხვედრების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ კომუნიკაციის გაუმჯობესებასაც ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. მუდმივად ვეცნობით მათი სადამკვირვებლო მისიების დასკვნებსა და რეკომენდაციებს, სწორედ მათი მიგნებებისა და რეკომენდაციების აღსრულება უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის მეტად გაჯანსაღებას და განვითარებას,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები