პარლამენტში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის (ნააკი) ფარგლებში მომზადდა.

„ბავშვის უფლებების დაცვა და კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაზეც მიუთითებს ამ სფეროს მომწესრიგებელი ერთიანი აქტების შემუშავებაც. მათ შორისაა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონი და ბავშვის უფლებათა კოდექსი. ამ კანონის ამოქმედებიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა და ახლა მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა გავლენა იქონია აღნიშნულმა სამართლებრივმა დოკუმენტმა ამ პერიოდში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასა და მისი უფლებების რეალიზაციაზე, მიაღწია თუ არა დასახულ მიზნებს და თუ ვერ მიაღწია, რა გარემოებებმა შეუშალა ხელი. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში კომიტეტის მიერ კანონის აღსრულებაზე განხორციელებული კონტროლი საზოგადოების წარმომადგენლების ფართო ჩართულობით“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

მან მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების ფონდსა და ევროკავშირს, რომლებმაც კანონმდებლებს მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში. შეკრებილთ ასევე მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ და ყურადღება გაამახვილა ნააკზე, როგორც საპარლამენტო კონტროლის ახალ ინსტრუმენტზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მას კიდევ უფრო აქტიურად და წარმატებით გამოიყენებს საზედამხედველო საქმიანობაში.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს კვლავაც გაუწევენ დახმარებას ევროკავშირთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცესი მიმოიხილა და ძირითად მიგნებებსა და ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა კონტროლის ჯგუფის ძირითადმა ექსპერტმა მარი წერეთელმა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საკითხებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ხედვა ფაქტობრივად ერთნაირია და ეს ერთიანი ხედვა დაეხმარებათ ადვილად შეძლონ იმ ხარვეზების დაძლევა, რომლებიც კანონმდებლობაზე კონტროლის პროცესში გამოვლინდა. მისივე თქმით, ზოგადი მიგნებებიდან უნდა აღინიშნოს: მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ღია მოსმენების დროს გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობა და ცნობიერების ნაკლებობა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე; გამოიკვეთა დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა მატების ტენდენცია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე გამოწვევად რჩება ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტთა ნაკლებობა.

მომხსენებელმა შეკრებილებს გააცნო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხება როგორც კანონის დახვეწას, ასევე მინდობით აღზრდის განვითარების კონცეფციის მომზადებას, ბავშვზე ზრუნვის სისტემაში კადრების დამატებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მინდობით აღზრდის წესში ცვლილების შეტანას, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის სამართლებრივი სტატუსის დროულ დადგენას, მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვთა მონიტორინგის დახვეწას და ა. შ.

ანგარიშში სულ თოთხმეტი რეკომენდაციაა წარმოდგენილი.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების საფუძველზე შეთანხმდებიან სამოქმედო გეგმაზე. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ კანონი ძირითადად ჰარმონიზებულია ევროკავშირის მოთხოვნებთან, თუმცა რეკომენდაციების ნაწილი კანონში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ანგარიში მომზადებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები