უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს შეუძლია უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს და ამით აგრესიაზე უარის თქმის უნარი გამოავლინოს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც ასე ხშირად საუბრობენ მოსკოვში. წინ არის დღესასწაულები, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრით, ახალი წელი, შობა იულიუსის კალენდრით. ეს არის პერიოდი, როდესაც ნორმალური ხალხი ფიქრობს მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია უარი თქვას აგრესიაზე. სწორი იქნებოდა, სწორედ ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს, მაშინ უზრუნველყოფილი იქნება საომარი მოქმედებების საიმედო შეწყვეტაც.
„იმედი მაქვს, რომ მხარს დაუჭერთ ჩვენს მოწოდებას, რადგან ეს არის გლობალური ინტერესი და ეს არის ჩვენი სამშვიდობო ფორმულის ნაწილი. ოკუპანტი უნდა წავიდეს. ეს აუცილებლად მოხდება. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს რუსეთმა ახლა, შობის დღესასწაულზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.