პოლონეთში არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქეა

​პოლონელმა მესაზღვრეებმა, საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის 20-ზე მეტი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ „პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვის და ლატვიის სამსახურებმა, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც ბელარუსიდან ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო საზღვრის არალეგალურ გადაკვეთას უწყობდა ხელს”.

თავდაპირველად, პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელარუსიდან არალეგალური მიგრაციის ორგანიზატორი – 51 წლის, ტაქსის კომპანიის მფლობელი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს.

ამის შემდეგ, დაკავებულია სულ 23 პირი, კერძოდ, პოლონეთის 8, უკრაინის 9, ტუნისის 2, საქართველოს 2, ასევე, ერაყის და ბელარუსის მოქალაქე.

მათგან 15 დაკავებულია აღკვეთის ღონისძიების სახით, დანარჩენებზე ვრცელდება პოლიციის ზედამხედველობა, ქვეყნიდან გაუსვლელობა და გირაო.

დანაშაულებრივი ჯგუფის შემოსავალი, დაახლოებით, 16 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მიგრანტები რუსეთისა და ბელარუსის გავლით გერმანიასა და ბრიტანეთში მოსახვედრად 15 ათასამდე ევროს იხდიდნენ.

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წელს სულ 39 ადამიანი დააკავეს, ასევე, ამოიღეს 47,795 ევრო, 486,345 დოლარი, 184,7 კგ მარიხუანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები