შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე სამუშაო ვიზიტით ისრაელს ესტუმრა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა ბედოიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელთან – იაკოვ შაბთაისთან.
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას, მას მსოფლიოს 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
კონფერენციას ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი მასპინძლობდა. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მასების მართვა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა. კონფერენციის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ისრაელის ეროვნული პოლიციის ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მათ როლს სამართალდამცავ ორგანოებში არსებული გამოწვევების დაძლევაში.