ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ცესკო-ში სამუშაო შეხვედრების ახალი ციკლი დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრების ახალი ციკლი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, სხვა საარჩევნო საკითხებთან ერთად, შეხვედრების ციკლის ძირითადი თემა საარჩევნო პროცესში ეთიკის ნორმების დაცვის საკითხები და იმ კოდექსის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა იქნება, რომელიც უკვე წლებია, ყველა საერთო არჩევნების დროს ფორმდება საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს შორის.

„ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მათი ინფორმირებულობის ზრდისა და ჩართულობის ხელშესაწყობად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, ასევე მათ ჩართულობას, მოსაზრებების მოსმენას. ეს ეხება ძირითადად ეთიკის კოდექსს, იმ ძირითად პრინციპებსა და მათი აღსრულების მექანიზმებს, რომელ პრინციპებთან და დებულებებთან მიმართებითაც ვთანხმდებით.
ასევე განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უკავშირდება ეუთოს რეკომენდაციების შესრულებას სადამკვირვებლო მისიების სტანდარტების ამაღლებასთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო რეფორმის აღსრულებას, მათ შორის, ტექნოლოგიებთან მიმართებით, საუბნო საარჩევნო კომისიების სერტიფიცირებასთან მიმართებით. მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების, რეკომენდაციების მოსმენა, იმისთვის რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ და ამით ხელი შევუწყოთ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებას“,- აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

შეხვედრის და საარჩევნო საკითხების ერთობლივი განხილვის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„მსგავსი ტიპის შეხვედრების და პლატფორმების შექმნა მნიშვნელოვანია და არსებითი იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები უზრუნველყოფილი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჩართულობის ნაწილში, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცედურების, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების საკითხებს და აისახება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე სადამკვირვებლო მისიების საქმიანობასა და კეთილსინდისიერებაზე. ეთიკის კოდექსი ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც წლების წინ სწორედ ჩვენი ჩართულობით შემუშავდა და რამაც ხელი უნდა შეუწყოს მხარეების კეთილსინდისიერებას, ანგარიშვალდებულებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საქმიანობის განხორციელებას“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასია“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილმა.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლობს, და სურვილს გამოთქვამს თანამშრომლობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პირიქით“ – აღნიშნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა გიორგი მონიავამ. სამუშაო შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და საკითხების აქტუალობის შესაბამისად, სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები