NYT: სანქციების მიუხედავად, რუსეთი რაკეტების დამზადებას აგრძელებს

რუსეთის მიერ ნოემბერში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოყენებული ფრთოსანი რაკეტების ნაწილი დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებიდან რამდენიმე თვეშია დამზადებული.

სანქციები კი, მათ შორის, მოსკოვისთვის ამ იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებას კრძალავს.

ამის შესახებ New York Times-ის მასალაშია ნათქვამი.

გამოცემა წერს, რომ ასეთი დასკვნა გააკეთა Conflict Armament Research-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა, რომელიც დაფუძნებულია დიდ ბრიტანეთში და რომელიც ომებში გამოყენებულ საბრძოლო მასალას და იარაღს აკონტროლებს, მათ იდენტიფიცირებას ახდენს. ნოემბრის სარაკეტო თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ექსპერტთა მცირე ჯგუფი კიევში უკრაინის ხელისუფლების მიწვევით ჩავიდა.

ჯგუფმა ფრთოსანი რაკეტის – “Kh-101”-ის ფრაგმენტები შეისწავლა, რომელიც კიევის მახლობლად 23 ნოემბრის იერიშის შემდეგ იყო ნაპოვნი.

ჯგუფის მოხსენების თანახმად, ერთ-ერთი რაკეტა ზაფხულში დამზადდა, ხოლო მეორეს შექმნა სექტემბრის შემდეგ მოხდა, რასაც მასზე არსებული ნიშნები მოწმობს.

ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, ის ფაქტი, რომ რუსეთი აგრძელებს ისეთი მოწინავე მართვადი რაკეტების წარმოებას, როგორიცაა “Kh-101”, მიუთითებს იმაზე, რომ, სანქციების მიუხედავად, მოსკოვმა ნახევარგამტარებისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად გზები იპოვა, ან მას კომპონენტების მნიშვნელოვანი მარაგი ომის დაწყებამდე ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები