შოლცმა პუტინს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისთვის უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც კანცლერის წარმომადგენელმა, შტეფან გებეშტრაითმა თქვა, „კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე მიიღოს დიპლომატიური გადაწყვეტილება, რუსული ჯარების გაყვანის ჩათვლით“.

ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, შოლცმა „განსაკუთრებით დაგმო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმები და ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში“.

ლიდერებმა ასევე განიხილეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც, ომის გამო, ზეწოლის ქვეშ არის.

“ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ კავშირზე დარჩებიან”, – თქვა გებეშტრაითმა.

კრემლში კი აცხადებენ, რომ პუტინმა ყურადღება გაამახვილა დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის დესტრუქციულ ხაზზე, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ და უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ.

„ამ ყველაფერს, ისევე – როგორც უკრაინის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მივყავართ იქამდე, რომ კიევი ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას კატეგორიულად უარყოფს“, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთის პოლიტიკა უკრაინელ ნაციონალისტებს უბიძგებს, ჩაიდინონ სულ უფრო მეტი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

საუბრისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს უკრაინაში გარკვეული სამიზნეების დაბომბვისგან, მაგრამ, კიევის მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ, იძულებული გახდა – მსგავსი ზომები მიეღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები