ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე: მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში
„გერმანია საქართველოს მეგობარია. ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში”, – ამის შესახებ ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იოჰან ვადეპულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იოჰან ვადეპულის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არსებობს რეალური შანსი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
„ქართველ კოლეგებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობები პარლამენტთან, პოლიტიკოსებთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. თუ საქართველო შემოგვიერთდება და მხარს უჭერს უკრაინას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის და ასევე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელსაც ერთად ვიცავთ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე დისკუსიებში, თუ როგორ უნდა წარიმართოს გაფართოების პროცესი არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. აქ, გერმანიაში თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებსაც სურთ ნახონ საქართველო კანდიდატის სტატუსით. ეს მოითხოვს გარკვეულ დროს. მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში”, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.