“ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაგვარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანას პიარკამპანიას გაუწევს.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში ვითარების არევას ხელი შეუწყონ.
„ეს არის რადიკალური ოპოზიციის პიარული კამპანია, რომლის მიზანია, გააჩინონ რაღაც თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და, საბოლოოდ, უზრუნველყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. მათ დააანონსეს ცხელი შემოდგომა, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა აქვთ ბოლო იმედი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სახით და აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ვითარების არევას. ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის, ამ ხალხის ინტერესებში და ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაგვარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია. ამას არ სჭირდება არანაირი პიარი და პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება მხოლოდ სამედიცინო დასკვნა და დიაგნოზი. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს დიაგნოზი წარუდგინონ, დაკავებულები არიან პიარ კამპანიით. მათ ყველანაირი მცდელობა ჰქონდათ, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, მათ შორის, ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, თუმცა, ამას ვერ მიაღწიეს და ახლა ჩართეს ახალი ხერხი, რაც ლობისტური და პიარ კომპანიის დაქირავებაა“, – განაცხადა კობახიძემ.