“აუცილებელია უკრაინის კრიზისის ესკალაციის და გაფართოების თავიდან აცილება და მოლაპარაკებების წახალისება” – სი ძინპინი
ჩინეთი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინის კრიზისის ესკალაციის თავიდან აცილება და სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ჩარლზ მიშელთან შეხვედრაზე პეკინში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური ტელევიზიის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „სი ძინპინმა ჩინური მხარის პრინციპული პოზიცია გამოკვეთა და აღნიშნა, რომ ჩინეთში არის ძველი გამონათქვამი: „როდესაც ქალაქის კარიბჭეებს ცეცხლი უკიდია, ტბაში თევზებს ცუდი დრო უდგათ“. უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარება ყველაზე მეტად ევროპის და ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებს პასუხობს“.
სი ძინპინმა ასევე თქვა, რომ „შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ კრიზისის ესკალაცია და გაფართოება, ასევე, დაჟინებით მოვითხოვოთ შერიგება და წავახალისოთ მოლაპარაკებები, გავაკონტროლოთ კრიზისის გვერდითი ეფექტები და ვიყოთ ფხიზლად ბლოკის დაპირისპირების რისკებთან დაკავშირებით“.