„საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“ – პარიზში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, გაიმართა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს შესახებ – „საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ზღვისგადაღმა ტერიტორიების მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ დარბაზში ჩატარდა, რომელიც პარიზში, იმ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც 1921 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციამ დაიდო ბინა.
საფრანგეთის დედაქალაქში გამართული კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში და „ფრანგული რენესანსის” ქართული დელეგაციის ვიცე-პრეზიდენტი გოჩა ჯავახიშვილი, 1921 წელს დაარსებული „საფრანგეთის ქართული ასოციაციის” პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, „ფრანგული რენესანსის” დელეგაციის პრეზიდენტი საქართველოში მზაღო დოხტურიშვილი.
„სახელწოდება „საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე” სიმბოლური ხასიათისაა, ვინაიდან ისტორიულად და გეოგრაფიულად საქართველო მუდამ იყო კულტურათა გზაგასაყარზე და წარმოადგენდა ერთგვარ დამცავ კედელს ევროპული ქვეყნებისათვის. მიუხედავად მძიმე ხვედრისა, რაც გაუთავებელი შემოსევებითა და დაპყრობებით გამოიხატებოდა, საქართველო ყოველთვის ახერხებდა, დაეცვა სამი ფუძემდებლური ელემენტი ჩვენი ერისა – მამული, ენა და ქრისტიანული სარწმუნოება.
კონფერენციის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ოქროს მედლები გადაეცათ გამოჩენილ ქართველოლოგ ბერნარ უტიესა და ისტორიკოსს, ემერიტუს პროფესორ ჟერარ დედეიანს.
ღონისძიება საზეიმოდ, კულტურული პროგრამით დაიხურა. შესრულდა ქართული საგალობლები და მრავალხმიანობის ნიმუშები, მსმენელთა წინაშე წარდგნენ ანსამბლები „ქართული ჰარმონია” და „მარანი”.
საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის” საქართველოს წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით 2020 წლის 26 ნოემბერს დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონიული ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთსა და ფრანკოფონიულ ქვეყნებში. წარმომადგენლობა აერთიანებს 14 სექციას: განათლება, საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, ხელოვნება/კულტურა, თეატრი, ლიტერატურა, მეცნიერება, ისტორია/ფილოსოფია, ფრანკოფონია, თარგმანი, ტურიზმი, მეღვინეობა, ეკონომიკა/მეწარმეობა, მედიცინა და სპორტი“, – ნათქვამია  კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონფერენციას ესწრებოდა მეცნიერებათა აკადემიის 15 წევრი, პარლამენტარები, პოლიტიკური და კულტურული, სამეცნიერო სფეროების წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარდგენილმა თემებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები