„ჰენრიკ ჰრინევსკი, კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება“ – სამხატვრო აკადემიაში გამოფენა გაიხსნა 

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების მე-100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიაში გაიხსნა გამოფენა – „ჰენრიკ ჰრინევსკი, კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება“.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ჰენრიკ ჰრინევსკის 200-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო დაცული სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდში და ახლა პირველად გამოიფინა.
„ამ ექსპოზიციით იხსნება სამხატვრო აკადემიის ისტორიისა და მნიშვნელობის ამსახველი ციკლი, რომელიც მოიცავს გამოფენებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს პრეისტორია და ის ძირითადი პროცესები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა1922 წელს ამიერკავკასიაში პირველი სამხატვრო აკადემიის შექმნას.
სამხატვრო აკადემიის, როგორც სახელოვნებო სასწავლებლის, ფორმირების პროცესი ოფიციალურად დაარსებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. თბილისში სამხატვრო კლასები მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან შეიქმნა „კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოების“ ბაზაზე.
სასწავლო პროცესს, რომელიც ფერწერის, ხუროთმოძღვრებისა და ქანდაკების სწავლების ევროპული პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა, ხელმძღვანელობდნენ: ო. შმერლინგი, გ. გაბაშვილი, ჰ. ჰრინევსკი, კ. ტატიშჩევი, ი. ანდრეოლეტი, ლ. პრემაცი, ნ. კუი, მ.კ. ფრანკე, პ. კოლჩინი, ნ.ზანკოვსკი, ფ. ხოდოროვიჩი, ა. ბერიძე და სხვები. „კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება“ მუშაობდა არშაკუნის სასახლეში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიულ შენობაში. სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდში დაცული მასალები ადასტურებს საზოგადოების წევრების საქმიანობის მნიშვნელობას იმდროინელი სახელოვნებო განათლების საქმეში.
პოლონელ-ქართველი მხატვარი და ხუროთმოძღვრების მკვლევარი ჰენრიკ ჰრინევსკი ამ პროცესის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. იგი 1918-1921 წლებში იყო „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ დირექტორი, ხოლო 1922 წლიდან – სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პროფესორი. სწორედ განათლების ფორმების შესახებ მისმა შეხედულებებმა და იმდროინდელი ევროპული ტენდენციების ცოდნამ განსაზღვრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კონცეფციის ჩამოყალიბება.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენა 5 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები