რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დასრულდა

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 27 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტებისა და ააპო ჰეკინენის (კლავესინი) კონცერტით დასრულდა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრი“ კონცერტებითა და ჩანაწერებით უკვე ოცი წელია პუბლიკას ხიბლავს თავისი მეტყველი, ცოცხალი და ენერგიული შესრულებით.
„ორკესტრის რეპერტუარი ხშირად მოიცავს პირველ თანამედროვე შესრულებას ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ან აღდგენილი შედევრებისა, ასევე მოულოდნელად და ხშირად პროვოკაციულ  ახალ შუქს ჰფენს უკვე პოპულარულ ნაწარმოებებს. შესრულების სტილის გამო ანსამბლს გერმანული და ბალტიისპირეთის მუსიკის მთავარი წარმომადგენლის რეპუტაცია მიენიჭა.
ააპო ჰეკინენმა სოლისტისა და დირიჟორის რანგში მართავს კონცერტებს როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, ისრაელში, იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, ვიეტნამში, აშშ-ში, ბრაზილიასა და მექსიკაში. მას აქვს გაკეთებული ჩანაწერები ისეთ ცნობილ ჩამწერ სტუდიებში, როგორიც არის: Aeolus, Alba, Avie, Cantus, Deux-Elles, Naxos და Ondine. ააპო ხშირად სტუმრობს რადიოსა და ტელევიზიას, მას ასევე აქვს საკუთარი გადაცემა ფინეთის არხზე Classic FM. კლავესინის გარდა, ააპო ჰეკინენი ხშირად უკრავს ორგანზე, კლავიკორდზე და ასევე ფორტეპიანოზე. იგი სიბელუსის აკადემიაში ასწავლის და ხშირად მართავს საერთაშორისო მასტერკლასებს. 2003 წლიდან, ააპო ჰეკინენი ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
27 ნოემბერს, ფესტივალის ფინელმა სტუმრებმა გერმანული ბაროკოს მუსიკა შესთავაზეს ქართველ მსმენელს. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ფესტივალი დიდი ოვაციებით დასრულდა.
თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“ რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა.
ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის სპეციალისტები, როგორებიც არიან: მომღერალთა ანსამბლი “Organum” (საფრანგეთი), ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტები (ფინეთი) და ააპო ჰეკინენი (კლავესინი), კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია), საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსმბლი „რუსთავი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ქართველი თეორბისტი გიორგი კუზანაშვილი. აგრეთვე მონაწილეობდნენ სოლისტები: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი), სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია) და ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი).
„თბილისის ბაროკოფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა 5 კონცერტი; მასტერკლასები: ბაროკოს ვოკალისა და თეორბოს საშემსრულებლო ტექნიკასა და სტილზე; ვორკშოპი: ევროპული და ქართული საეკლესიო მუსიკის სპეციფიკაზედა 4 საჯარო ლექცია:ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრისა და არქიტექტურის შესახებ, რომელიც წაიკითხეს დარგის სპეციალისტებმა: შალვა ქურიძე (არქიტექტურის დოქტორი, ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორი და ქალაქმგეგმარებელი), თეა მუქერია (მუსიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი, „საქართველოს სინფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი), მიშო ჯავახიშვილი (აკადემიური გუნდის დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსმბლ „რუსთავის“ წევრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი) და თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი)“, – გვითხრა თეა მუქერიამ.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები