შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან – ქერენ ჩეისონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურის განახლების, სანაპირო დაცვის ოპერატიული გაძლიერების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდული და მიზნობრივი სწავლებების გამართვის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ქერენ ჩეისონმა მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, როგორც სექტორების მშენებლობის, ასევე, ექსპერტული დახმარების გზით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა EXBS-ის ხელმძღვანელს წლების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.