სოსო არჩვაძე: 2023 წლის ბიუჯეტი ქვეყნის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ადეკვატურია

საქართველო რჩება რეგიონში, და არამარტო რეგიონში, სტაბილურობის კუნძულად და ვფიქრობ, ეს ბიუჯეტიც სწორედ ამ სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ადეკვატურია, – ამის შესახებ “კვირას” ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ განუცხადა, რითაც 2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული ვერსია შეაფასა.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრიორიტეტად სოციალური მიმართულება რჩება, რომლის წილიც 2023 წლის ბიუჯეტში მოცულობითია. სოსო არჩვაძის შეფასებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ მთავრობა საკუთარი მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

როცა ეკონომიკური ზრდა იძლევა შესაბამის შესაძლებლობას, ბიუჯეტშიც მეტი სახსრების აკუმულირება ხდება, რაც შემდგომ გამოიყენება არა მარტო ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, არამედ – პირდაპირი დანიშნულებით სოციალური საჭიროებისათვის, ანუ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.
საბიუჯეტო დახმარება და ხარჯები პირობითად შეიძლება, ორი სახით წარმოვიდგინოთ. ერთი პირდაპირი მონეტარული დახმარება და მეორე – არამონეტარული. მონეტარული არის, როდესაც ხელისუფლება მიმართავს პენსიების, ხელფასების, სოციალური დახმარებების, დეკრეტული ანაზღაურების მომატებას და ა.შ. რაც საკმაოდ ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში.
მეორე, არამონეტარული არის, როდესაც მოსახლეობას პირდაპირ კი არ მიეცემა ფულადი დახმარება, არამედ ეს თანხები მიმართულია მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, დევნილთათვის 7000-ზე მეტი ბინის მშენებლობაა გათვალისწინებული, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა; არსებულის რემონტი. რაც ასევე სოლიდურად არის წარმოდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტში.
რომ შევხედოთ, მთლიანი ხარჯების მოცულობას, წინა წელთან შედარებით, ყოველი დამატებული 1 ლარიდან 70 თეთრზე მეტი, ანუ 70%-ზე მეტი მიმართულია სოციალური საჭიროებისათვის. შედარებისთვის ვიტყვი, რომ ამგვარი სოციალური ხარჯების წილი 2012 წლისთვის მხოლოდ 32% იყო. შესაბამისად, არა მხოლოდ კონსტიტუციური ჩანაწერით, არამედ, ფაქტობრივად, ქმედებითაც დასტურდება, რომ საქართველო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა და მისი პრიორიტეტი სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.

ასევე, აღსანიშნავია სამუშაო ძალის მიმართ გამოჩენილი ყურადღებაც. 2023 წლის ბიუჯეტში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, გათვალისწინებულია იმ ადამიანების დასაქმებაც, რომლებიც სოციალურად დაუცველების სტატუსით სარგებლობენ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 78 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, აქედან 52 ათასით დაქირავებულების და 26 ათასით თვითდასაქმებულების რაოდენობა. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, დაახლოებით 20-25 ათასი ვაკანტური სამუშაო ადგილი არის მაინც. შესაბამისად ვისაც სამსახურის ძებნის სურვილი აქვს, მას არ გაუჭირდება. და თუ გავითვალისწინებთ ხელფასების ზრდის ტენდენციას, უცხოეთში წასვლის ეკონომიკური მომხიბვლელობა თანდათან კარგავს ელფერს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მიზეზით უცხოეთში წასვლა, ეტაპობრივად, აქტუალობას დაკარგავს”, – ამბობს არჩვაძე.

კითხვაზე, ხომ არ არის ზედმეტად დატვირთული სოციალური პროგრამებით ბიუჯეტის პროექტი, რაც იწვევს ბიზნესზე ნაკლებად ორიენტირებულობას, არჩვაძე პასუხობს, რომ საქართველოს როლი რეგიონში, როგორც სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქვეყნისა, უფრო და უფრო იზრდება, ბიზნესი კი მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს.

“ბიზნესი სარგებლობს მთელი რიგი შეღავათებით, ამის დასტურია, რომ საქართველოზე აქვთ ორიენტაცია ჩვენს მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებს. საქართველოს ფუნქცია, როგორც სატრანსპორტო, ასევე საკომუნიკაციო იზრდება და მხოლოდ ოქტომბერში რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ზე მეტით არის გაზრდილი. ბიზნესს რომ რაიმე შეზღუდვები ჰქონოდა, ასეთი დამოკიდებულება არ იქნებოდა და არც ასეთი ინტერესი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს “ბრალდება” თითიდან გამოწოვილია”, – ამბობს ეკონომისტი.

მისი თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი საკმაოდ მასშტაბურია.

“ჩვენ ასეთი მასშტაბური ბიუჯეტი არ გვქონია. გაიზარდა შემოსავლების ხარჯვითი ნაწილი. უმჯობესდება ხარისხობრივი პარამეტრები, მათ შორის, სამთავრობო ვალის თანაფარდობა. რომ გადავხედოთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. საქართველო რჩება რეგიონში და არა მარტო რეგიონში, სტაბილურობის კუნძულად და ვფიქრობ, ეს ბიუჯეტიც სწორედ ამ სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ადეკვატურია”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები