პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმო იქმნება
საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში უკვე მესამე ბენეფიციართან ხელშეკრულება გააფორმა, რის შედეგადაც ახალი GMP-ის სტანდარტის ფარმაცევტული საწარმო შეიქმნება. ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია შპს „YNNOVAS“-სთან. ახალი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური, ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე დაესწრნენ.
კომპანიაზე „YNNOVAS“ 2 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო „თიბისი“ ბანკმა, ხოლო საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას მოახდენს. შპს „YNNOVAS“ -ს პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 4 მლნ აშშ დოლარამდეა. ქარხანა თბილისში, ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობისას დასაქმდება 40 ადამიანამდე, ხოლო ქარხნის ამოქმედების პირველ ეტაპზე პერსონალის რაოდენობა შეადგენს 50 ადამიანს, რაც შემდგომ 100-მდე გაიზრდება. ქარხანა დაპროექტდა ევროპელი პარტნიორების მიერ, ევროპული GMP-ის სტანდარტის გათვალისწინებით და ფუნქციონირებას დაიწყებს 10 თვეში, ხოლო GMP სერტიფიკატის მიღება 15 თვეში იგეგმება. კომპანია რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელია, სადაც ფარმაცევტული წარმოების ყველა ციკლი (ნედლეულის წარმოებიდან მზა პროდუქციის წარმოებამდე) იფუნქციონირებს.
საწყის ეტაპზე ქარხანას საშუალება ექნება, აწარმოოს: 5 ტონამდე აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები ფხვნილის სახით; 600 მილიონამდე ტაბლეტი; 300 მილიონამდე კაფსულა; 15 მილიონ ამპულამდე საინექციო წამლის ფორმები; 40 მილიონამდე სანთლები და მალამოები; 10 მილიონამდე ფლაკონის ოდენობით გალენური ხსნარები. დაგეგმილია წარმოებული პროდუქციის 60-70%-ის ექსპორტირება. კომპანიას „YNNOVAS“ დამუშავებული აქვს 200-ზე მეტი სხვადასხვა წამლის ტექნოლოგია და ფლობს აღნიშნულ პრეპარატებზე შესაბამის დოსიეებს. აღნიშნული დამკვეთს დაეხმარება, მოწესრიგებულად წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. კომპანიას უკვე აქვს რამდენიმე შეკვეთა როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. აღსანიშნავია, რომ წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შპს „YNNOVAS“-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პერსონალის კვალიფიციურობას, შესაბამისად, ფორმდება მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ, ახალ საწარმოში გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკული სწავლება. გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტები წახალისდებიან სტიპენდიით, ხოლო შემდგომში მოხდება ნაწილის კომპანიის მიერ დასაქმება.