ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება

????????????????????????????????????

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. საკითხი დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განსახილველად არის წარდგენილი.

კანონპროექტის მიხედვით იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში და ქმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს. საკითხი ეხება ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დადგენის გზით ფასების რეგულირებას. კანონში ჩნდება „რეფერენტული ფასის” ცნება.
ასევე, კანონპროექტი ადგენს ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასის ფარგლებში რეალიზაციის ვალდებულებას და ამავდროულად, აღნიშნულ ფასზე მაღალი ფასით რეალიზაციის შემთხვევებისთვის ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას.

მომხსენებლის თქმით, „ფასის რეგულირების დანიშნულებაა, რომ ფასი რომელსაც იხდის პაციენტი, ან მესამე მხარე, იყოს გონივრული და სამართლიანი არსებული საბიუჯეტო რესურსის პირობებში. ამასვე დროს ბიზნესს ჰქონდეს ინვესტირების და ზრდის მოტივაცია, ვინაიდან მნიშვნელოვანია ბიზნესის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, მის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ადამიანების დასაქმებაზე”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, რეგულირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რომლითაც პროგნოზირებულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში, მედიკამენტების წილი 62%-დან (საბაზისო 2020 წელი) შემცირდება 15%-მდე (სამიზნე 2030 წელი). აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონებში. საკითხის განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. კომიტეტმა მიიჩნია, რომ პროექტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები დამატებით შესწავლას და მსჯელობას საჭიროებს, ამიტომ კანონპროექტს დაჩქარებული სტატუსი უნდა მოეხსნას და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს მისი განხილვა. დეპუტატებმა, ამ დათქმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტთა პაკეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები