ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც რეფერენტული ფასების დაწესებას ითვალისწინებს, რაც უკვე გაიაფებულ წამლებს დამატებით 40% მდე გააიაფებს
პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც რეფერენტული ფასების დაწესებას ითვალისწინებს, რაც უკვე გაიაფებულ წამლებს დამატებით 40% – მდე გააიაფებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, რეფორმის შედეგად მოსახლეობამ 2022 წელს 80 მილიონ ლარამდე დაზოგა, 2023 წელს კი 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია.
„ჩვენ პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეფერენტული ფასების დაწესებას, რაც დამატებით თითქმის 40% მდე გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. 40%-ით. ჯამში, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა, ძალიან დიდ თანხებს დაზოგავს. ამიტომ, ამას სჭირდება, მე იმედი მაქვს, ჩვენი პარლამენტის მხარდაჭერის, ამ ინიციატივის. ეს არ არის ჩვენს მიერ მოგონილი, ეს არის აპრობირებული ევროპული გამოცდილება, ჩვენ ევროპული ქვეყნებიდან გადმოვიღეთ აღნიშნული პრაქტიკა და ამ რეფორმასაც წარმატებით განვახორციელებთ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და ასევე, იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური და გონივრული. არ შეიძლება 200-300%-იანი მოგებით გაყიდო წამალი. აი, ეს პროცესი შევაჩერეთ ამ ერთ წელში, წელს უკვე 80 მილიონ ლარამდე არის დანაზოგი, რომელიც ჩვენმა ხალხმა ნახა ამ რეფორმის შედეგად და, ჯამურად, გაისად უკვე 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.