ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი: წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან – დუმილის უფლებას იყენებენ

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ცხრამუხის დედათა მონასტრის ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს.

საზოგადოებრივი ადვოკატის, გიორგი ჯეირანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

“ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ. შესაბამისად, დღეს ხაშურის რაიონული სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს, ამისთვის 24-საათიანი ვადაა.

ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ჩვენ წარვდგებით ჩვენი კონკრეტული პოზიციით. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ორივემ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, მათ ამაზე საუბრისგან თავი შეიკავეს. მათ შორის, უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. დუმილის უფლებას იყენებენ“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში რამდენიმე დღის წინ ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ერთ-ერთი მონაზონი დაშავდა. ის სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. სასულიერო პირების მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები