სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ყოფილ გამომძიებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებელი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 18 აპრილს, დაბა წყნეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და კანონის მოთხოვნის დარღვევით შეეცადა დაზარალებულის დაკავებას, რა დროსაც განხორციელდა გასროლა, რასაც დაზარალებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 116-ე მუხლის (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) პირველი ნაწილით წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები