სოზარ სუბარი: სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იმ გადაწყვეტილებებს ემორჩილება, რომლებსაც გარედან სთავაზობენ
თუ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია მკვეთრად მოიმატებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, გვარამია შეიწყალოს.
„როცა ქალბატონმა სალომემ BBC-ს პირველად მისცა ინტერვიუ, პირველად გამოჩნდა სიმპტომები, რომ ის აპირებდა, გადაეხვია თავისი სიტყვისთვის – რომ არასდროს არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ის თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, ის ემორჩილება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც გარედან სთავაზობენ. მეორე სიმპტომი ახლა გამოჩნდა, როდესაც ქართულმა ენჯეო-ებმა შარლ მიშელს მიმართეს, რათა მან პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შესაწყალებლად მიმართოს. ეს, რაღაცნაირად, სალომესთვის სახის შენარჩუნების მცდელობაა – თუკი შარლ მიშელი (ე.ი. ევროპა) სთხოვს, უბრალოდ, მათ ანგარიშს გაუწევს და [ნიკა გვარამიას] შეიწყალებს. ამის სიმპტომები უკვე გამოჩნდა და ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა.
იმედი მაქვს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გონიერება ეყოფა და ამას არ გააკეთებს, მაგრამ თუ ის ამას გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად მოიმატებს პოლარიზაცია. შარლ მიშელზე განსაკუთრებული გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს – ევროკავშირის დერეფნებში მას ხშირად უწოდებენ ამერიკის ტროას ცხენს, რომელიც ევროკავშირში ამერიკის ინტერესებს ასრულებს“, – ამბობს სუბარი.