კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, ავსტრიის რესპუბლიკაში, ვენაში, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურ დირექტორს, ნატალი ჰარდსდორფს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ავსტრიაში, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებულ შედეგები და არსებული გამოწვევები.
შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიან მიდგომებზე. მონაწილეები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნენ – კვლევის მეთოდოლოგიას, ადგილზე შემოწმების პროცედურებს, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ქეისებს, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრების მეთოდებს, პროგრამა leniency-ის მნიშვნელობას და თანამშრომლობის ფორმატებს.
ავსტრიის სასამართლოს შენობაში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ავსტრიის კონკურენციის სასამართლოს პრეზიდენტს, სონია კიოლერ-ტაიერს და ამავე სასამართლოს პროკურორს, ჰეინც ლუდვიგ მეიერს შეხვდნენ.
ოფიციალური შეხვედრის ფორმატში, მხარეებმა – ავსტრიაში კონკურენციის საკითხების განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებები, პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკა, აღნიშნულ პროცესში კონკურენციის ორგანოსა და პროკურორის როლის თავისებურებებზე იმსჯელეს. სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING”-ის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება” მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს.