პრემიერმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური საცავები დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)
მთავრობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებასა და გააფრთოებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
წლის ბოლომდე ახალი შენობის პროექტირება დასრულდება, მომავალი წლიდან კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება.
მთავრობის მეთაურმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად, ცენტრის საცავებში დაცული უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა და ინფორმაცია მათ შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბუბა კუდავასგან მიიღო.
„აქ არავითარი პირობა არ არის, არ არსებობს კლიმატური პირობები და ელემენტარული მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. ეს არის დანაშაული, რომ აქამდე სახელმწიფომ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია ისეთ უნიკალურ საგანძურს, იმ ხელნაწერებს, რომლითაც ყოველთვის ვიამაყებთ“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნიკალური ადგილია, რომელიც ყველა მოქალაქემ აუცილებლად უნდა ნახოს.
„აქ არის დაცული ჩვენი ქვეყნის უნიკალური საგანძური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნდა გახდეს ძალიან აქტიური და ამას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო გვერდით დგომა და დაფასება სჭირდება. ვნახე უნიკალური ხელნაწერები, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და რომლის პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში აუცილებელია. ჩვენი დამწერლობა უნიკალურია და მისი სათანადოდ წარმოჩინება არის კიდევ ერთი ამოცანა. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენს დამწერლობას და კულტურას სათანადო დაფასება ჰქონდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.