„IWSC საქართველოს კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა“ – ბრიტანული გამოცემა The Buyer
ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში 2022 წლიდან ტარდება. კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა. ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
2025 წელს კონკურსი ქალაქ ბათუმში გაიმართა. კონკურსს IWSC-ის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.
„IWSC საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის წლევანდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, ბოლო წლებში რამდენად სწრაფად და შორს წავიდა ქვეყანა, როგორც ღვინის ხარისხის ამაღლების, ისე მეღვინეობის მრავალფეროვნებითა და მასშტაბით“, – აღნიშნულია გავლენიან ბრიტანულ მედია-გამოცემაში „The Buyer“, რომელშიც სტატიის ავტორი, ღვინის მწერალი სანი ჰოჯი ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის IWSC Georgia 2025-ის შედეგებს აჯამებს.
სანი ჰოჯი გავლენიან ბრიტანელ ღვინის სპეციალისტთაგან ერთ–ერთია, ვინც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, კონკურსში მონაწილე ღვინოები შეაფასა. იგი არის ლონდონის ღვინის ბარების Diogenes the Dog და Aspen & Meursault დამფუძნებელი. სანი ჰოჯის წიგნი ღვინის მეცნიერების შესახებ „The Cynics Guide to Wine” 2025 წლის აპრილში გამოიცა.
„საქართველო წარმოადგენს სამყაროთა გადაკვეთას – ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, ხოლო მისი სამზარეულოსა და ღვინის კულტურა ძველი და ახალი სამყაროს ტრადიციათა საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
IWSC Georgia 2025 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით, ღვინის კატეგორიაში გაიცა 30 ოქროს, 119 ვერცხლისა და 113 ბრინჯაოს მედალი ხოლო ქართულმა სპირტიანმა სასმელებმა დამატებით მოიპოვეს 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი.