ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ოპოზიციური საკრებულო დღეს გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას რუსთაველების წინაშე

რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. სხდომას რუსთავის მერი – ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავად წარუდგინა.
რუსთავის მერი, თითქმის სამსაათიანი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის კითხვებს პასუხობდა და დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საგნობრივი განხილვისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სხდომა ორჯერ დატოვეს და დარბაზში აღარ დაბრუნებულან, პარტია ,,საქართველოსთვის” სამმა წარმომადგენელმა, კი 2023 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.

როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავის ოპოზიციური საკრებულო დღეს გაექცა პასუხისმგებლობას და ქალაქს.

“დღეს რუსთავის ოპოზიციური საკრებულო გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას რუსთაველების წინაშე. გაიქცნენ ისევე, როგორც მთელი წლის განმავლობაში გაურბოდნენ იმ პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღებას, რომელსაც თანაბრად უნდა ვიზიარებდეთ. მას შემდეგ, რაც ,,ნაციონალური მოძრაობა” გაიქცა სხდომიდან, სადაც რუსთავის ბიუჯეტი იხილებოდა, პარტიას ,,საქართველოსთვის” ჰქონდა შესაძლებლობა, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, მხარი დაეჭირა რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტისთვის, ამის ნაცვლად, კი ორივე ოპოზიციური პარტია დღეს გაექცა ქალაქს და გაექცა პასუხისმგებლობას”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ოპოზიციურმა საკრებულომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ აჩვენა რუსთაველებს, რა არის მათთვის ღირებული – ქალაქის განვითარება თუ საკუთარი ამბიცია.

“დღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა ტანდემმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღო რუსთავის განვითარებისა და რუსთაველების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, უღალატა იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა იმის იმედით, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატს ხალხისთვის სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად უსაფუძვლო და გამოგონილია ის მიზეზები, რის გამოც, მათ უკან დააბრუნეს ბიუჯეტის პროექტი, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ საკრებულოს პირობებში, 2023 წლის ბიუჯეტის არ დამტკიცებით, სერიოზული საფრთხე ექმნება რუსთავის განვითარებას”, – განაცხადა ლაცაბიძემ ბრიფინგზე.

ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, იბრძოლებენ თითოეული რუსთაველის ინტერესებისთვის და არ დაუშვებენ, რომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას საფრთხე შეექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები