სააკაშვილის ადვოკატი: მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მომიწყოს აუდიენცია – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის რეზიდენციაში წერილი დატოვა. ადვოკატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს.
მისი თქმით, შეხვედრის მიზანია, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნოს.
“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მომიწყოს აუდიენცია და ამ შეხვედრის დროს მე მას გავაცნობ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საქმის გარემოებას. მისი ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმეა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია, ამაზე იყო განცხადებაში საუბარი. შეწყალებასთან დაკავშირებით არ მივმართავთ.
მას აქვს უამრავი ბერკეტი, აქვს კავშირი ხელისუფლებასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, შეუძლია შეხვდეს, ესაუბროს მათ. ეს შეხვედრა არც სააკაშვილთან არ არის შეთანხმებული იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაცვის მხარემ რაიმე სტრატეგია, ტაქტიკა ან პოზიციები შეუთანხმოს”, – განაცხადა ადვოკატმა.