ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგის ვიცეპრემიერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა, შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის ვიცეპრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ფრანსუა ბაუსხთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ვიცე-პრემიერს საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ლუქსემბურგულმა მხარემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.

„ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. გვქონდა საგნობრივი განხილვა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მასპინძელმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს როგორც ნატოს წევრობას, ასევე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. დაინტერესდნენ საქართველოს ხედვით ევროპული უსაფრთხოების შესახებ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური ვიზიტით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები