საგანელიძე სააკაშვილს და “ნაციონალებს” უცხოელი ადვოკატის აყვანას ურჩევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოცხადებულ შიდა ძებნას გამოეხმაურა.
როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, თუ სააკაშვილსა და მის უცხოელ მეგობრებს რაიმე საქმეში ეჭვი ეპარებათ და არ სჯერათ მისი უდანაშულობის, მათ შეუძლიათ კონკრეტულ საქმეში მონაწილეობა მიიღონ.
„თუ ყოფილ პრეზიდენტს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მის მიმართ აღძრულ საქმეებში არის პოლიტიკური ნიშანი, თუ მის მეგობრებს უცხოეთში აქვთ გარკვეული ეჭვი, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა წინახელისუფლების მხრიდან და არის რევანში, ყველას აქვს უფლება მიიღონ ამ საქმეში მონაწილეობა, ჩამოიყვანონ ადვოკატები, ექსპეტრები, სპეციალისტები და საქმიდან გამომდინარე გააკეთონ განცხადებები“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.