პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ხოლო სამი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებულის ა.შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, ა.შ-მ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაირეგისტრირა ქედის რაიონი სოფელი ორცვაში მდებარე 6298 კვ.მ ფართის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 11 021,50 ლარის ოდენობის ზიანი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, ა.შ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა პირობითი სასჯელი 6 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, 2011 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრს წარედგინა ა.შ-ს და მისი ოჯახის წევრების განცხადებები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ ა.შ-მ 2010 წლის 10 მაისს სრულიად კანონიერი მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისთვის 1998 წლის 5 მარტის სოფელ ორცვას მეკომურთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. გამოძიება მის მიმართ წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად გამოძიების შედეგად გამოირიცხა ა.შ-ს მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
წარდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე 2022 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ა.შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. გარდა აღნიშნულისა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების: ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს, და გ.ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ დადგენილების გამოტანის გადაწყვეტილება მიიღო. იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მსჯავრდებული პირები წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღებულები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით, მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ი.ბ-ს და ი.ქ-ს, რა დროსაც გ.ნ-მ ორი გასროლა განახორციელა ი.ქ-ს მიმართულებით. სროლის შედეგად ამ უკანასკნელმა წვივის არეში სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით აღნიშნული პირები დაუსწრებლად გასამართლდნენ და სასჯელის სახედ და ზომად სხვადასხვა ვადით პატიმრობა განესაზღვრათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. დადგინდა სრულიად ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ: დადგინდა, რომ საქმის ერთადერთ მოწმეს ჯ.ნ-ს 2003 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების საგამოძიებო სამსახურში აიძულეს ხელი მოეწერა ფოტოსურათით ამოცნობის და დაკითხვის ოქმზე, რა დროსაც მან თითქოსდა ამოიცნო და ამხილა მსჯავრდებულები. სინამდვილეში, გამომძიებელს მასთან საპროცესო მოქმედებები რეალურად არ ჩაუტარებია, იგი არ ფლობს ქართულ ენას და არ შეეძლო გასცნობოდა დოკუმენტებს. საქმეზე დაკითხული პირები უთითებენ, რომ მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტებზე მათი, როგორც დამსწრე პირების გასწვრივ დასმული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით და მსგავსი შინაარსის საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმზე არსებული ხელმოწერები, სავარაუდოდ არ არის შესრულებული დამსწრე პირების მიერ. ვ.ვ.-მ უარყო მომხდარ დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი და მიუთითა, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში განთავსებული არცერთი ფოტოსურათი მას არ ეკუთვნის, შეასაბამისად ამოცნობა რეალურადაც რომ ჩატარებულიყო მოწმე მის ნაცვლად თავდასხმელში ან ვერავის ან სხვა პირს ამოიცნობდა.
აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებულებთან ამოცნობები იმჟამინდელ ბრალდების საქმეში არ ჩატარებულა, ვინაიდან მათ განაცხადეს, რომ არ შეეძლოთ ვინმეს ამოცნობა, რადგან ვერ დაიმხსოვრეს თავდამსხმელთა ვიზუალური ნიშნები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს, და გ.ნ-ს მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 463 პირი, რომელთაგან 325 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 62 600 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 120 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 110 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.