ირაკლი ღარიბაშვილი: დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმას გავაკეთებთ

რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემდეგი დასკვნა შემიძლია, გამოვიტანო, რომ, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენ შორის, ჩვენსა და რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის არის უცხო, ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმას გავაკეთებთ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში.

„ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე  – როგორც მიუღებელია და მე არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, როცა მაგალითად ყოფილი თუ მოქმედი წევრები სხვადასხვა სახელმწიფოების თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პირიქით ესენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს. ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და მზად იყვნენ და არიან მოაწერონ ხელი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და მე ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ. ჩვენმა მეგობრებმა გამოსვლებში ახსენეს, რომ ჩვენ შევძელით მართლაც უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში, რაც არის საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების” მმართველობამ. სად ვიყავით, აღარ გავიმეორებ, ყველას კარგად გახსოვთ, პირველ ყოვლისა – ჩვენს მოქალაქეებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები