“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში”

აუნაზღაურებელია ის დანაკარგი, რომელიც ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში განვიცადეთ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1992 წლის აფხაზეთის ომის მოვლენებს. პრემიერის თქმით, ეს არის თარიღი, რომელიც, პირველ რიგში, ომის დამანგრეველ, დამღუპველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს.
“დღეს 22 წელი შესრულდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის თარიღი, რომელიც, პირველ რიგში, ომის დამანგრეველ, დამღუპველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს.
აუნაზღაურებელია ის დანაკარგი, რომელიც ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში განვიცადეთ. ამ ომმა უმძიმესი ზიანი და დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
მოუშუშებელია ომის იარები და ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი – დაღუპულთა სიცოცხლეს ვერავინ დაგვიბრუნებს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ ომის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე.
უმძიმესია მათი ხვედრი, ვისაც საკუთარი მიწა-წყლის დატოვება მოუწია და დევნილად იქცა. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მათ ღირსეულად იცხოვრონ, ვიდრე არ დაუბრუნდებიან მშობლიურ სახლ-კარს.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს ომი რომელმაც გაგვყო ქართველები და აფხაზები. დღეს ჩვენ მზად ვართ შერიგებისთვის, მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს აფხაზ ძმებთან. ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებამდე სწორედ თანხმობის, ჩვენი ძმობის დაბრუნების, დანგრეული კავშირების აღდგენისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზა მიგვიყვანს, რაც, რა თქმა უნდა, აფხაზების ინტერესების გათვალისწინებასაც გულისხმობს” – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები